პაციენტის სამედიცინო გზამკვლევი · განახლებულია 10 ნოემბერი, 2026
რევმატოიდული ართრიტი: ადრეული ნიშნები და მკურნალობის პრინციპები
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული ანთებითი, აუტოიმუნური დაავადებაა. მისი დროული ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: მუდმივი შეშუპებისა და დილის ხანგრძლივი შებოჭილობის უგულებელყოფა არ ღირს.

როგორ იწყება რევმატოიდული ართრიტი?
ხშირად ზიანდება ხელისა და ფეხის მცირე სახსრები. პაციენტმა შეიძლება შეამჩნიოს თითების შეშუპება, სითბო, ტკივილი და გაღვიძების შემდეგ მოძრაობის გაძნელება. ზოგჯერ პრობლემები ორივე მხარეს ერთდროულად ვითარდება, თუმცა დაავადება ყოველთვის სიმეტრიული არ არის. ზოგიერთ პაციენტს დაღლილობაც აწუხებს.
დილის შებოჭილობა რას ნიშნავს?
ანთებით ართრიტს ხშირად ახასიათებს ხანგრძლივი დილის შებოჭილობა, რომელიც მოძრაობასთან ერთად ნაწილობრივ მცირდება. მაგრამ მსგავსი ჩივილი სხვა მიზეზსაც შეიძლება ჰქონდეს. ართროზისა და ანთებითი ართრიტის განსხვავება მხოლოდ შეგრძნებებით ვერ დგინდება.
როგორ დგინდება დიაგნოზი?
რევმატოლოგი აფასებს სახსრების შეშუპებას, ჩივილების ხანგრძლივობასა და გავრცელებას. საჭიროებისას ინიშნება ანთების მაჩვენებლები, რევმატოიდული ფაქტორი (RF), anti-CCP და გამოსახულებითი კვლევები. დადებითი RF ან anti-CCP მარტო დიაგნოზი არ არის; ზოგჯერ დაავადება ამ მაჩვენებლების უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც გვხვდება. შეფასება უნდა იყოს კომპლექსური.
რატომ არის ადრეული მკურნალობა მნიშვნელოვანი?
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მიზანია ანთების შემცირება, სახსრის ფუნქციის შენარჩუნება და დაზიანების პროგრესირების შეზღუდვა. ექიმმა შეიძლება გამოიყენოს დაავადების მიმდინარეობაზე მოქმედი პრეპარატები (DMARDs), საჭიროებისამებრ სხვა მკურნალობასთან ერთად. მათი შერჩევა, მონიტორინგი და შესაძლო გვერდითი ეფექტები რეგულარულ ექიმის მეთვალყურეობას მოითხოვს.
საჭიროა თუ არა რეაბილიტაცია?
ინდივიდუალურად შერჩეული მოძრაობა, კუნთების გაძლიერება და სამუშაო/ყოველდღიური აქტივობის ადაპტაცია შეიძლება დაეხმაროს ფუნქციის შენარჩუნებას. აქტიური ანთებისას დატვირთვა ექიმის მითითებით უნდა შეიცვალოს. ფიზიკური რეაბილიტაცია არ ანაცვლებს სპეციფიკურ ანთების საწინააღმდეგო დაავადების მაკონტროლებელ მკურნალობას.
რა უნდა მოვამზადო ვიზიტისთვის?
სასარგებლოა სიმპტომების დაწყების დრო, რომელი სახსრები გტკივათ/გიშუპდებათ, დილის შებოჭილობის ხანგრძლივობა, წამლების სია და წინა ანალიზები. ახალი კვლევები წინასწარ ყველასთვის აუცილებელი არ არის. რევმატოლოგთან კონსულტაციის შესახებ მეტი ინფორმაცია მოცემულია ცალკე გვერდზე.
როდის არ უნდა გადადოთ სამედიცინო დახმარება?
უეცარი, განსაკუთრებით ერთი სახსრის ძლიერი შეშუპება, სიწითლე და სიცხე ინფექციის გამორიცხვას საჭიროებს. გამოხატული სისუსტე ან სხვა სწრაფად განვითარებული მდგომარეობა ექიმმა დროულად უნდა შეაფასოს.
ხშირად დასმული კითხვები
რევმატოიდული ართრიტი მხოლოდ ხანდაზმულებშია?
არა, დაავადება ზრდასრულთა სხვადასხვა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს.
თუ რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია, დაავადება გამორიცხულია?
არა. ექიმი პასუხს აფასებს ნიშნებთან და სხვა გამოკვლევებთან ერთად.
ტკივილის გამაყუჩებელი საკმარისია?
სიმპტომური შვება არ არის იგივე, რაც ანთებითი დაავადების კონტროლი. მკურნალობის გეგმა სპეციალისტთან უნდა განისაზღვროს.
ასევე წაიკითხეთ
ართრიტი და ართროზიკოქსართროზირევმატოიდული ართრიტიმუხლის ართროზიჰიალურონის მჟავის ინექციასახსრების ექოსკოპიასამედიცინო წყაროები
სტატია საინფორმაციო ხასიათისაა. წყაროების მითითება არ ნიშნავს პირადი დიაგნოზის ან სამკურნალო სქემის დადგენას.
ექიმთან კონსულტაცია თბილისში
ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი და რეაბილიტაციის სპეციალისტი. ღუდუშაურის კლინიკა, ლუბლიანას ქუჩა 66, თბილისი. ვიზიტი მხოლოდ ადგილზე, წინასწარი შეთანხმებით ერთი დღით ადრე.
ჩაწერა: +995 555 78 77 72სამედიცინო ინფორმაცია ვერ ცვლის ინდივიდუალურ გასინჯვას. საგანგაშო სიმპტომებისას დროულად მიმართეთ გადაუდებელ დახმარებას.