ბურსიტი — რატომ შუპდება და მტკივა სახსრის მიდამო?
ბურსა არის პატარა სითხიანი ჩანთა, რომელიც მყესს, კუნთსა და ძვლოვან ზედაპირს შორის ხახუნს ამცირებს. მისი გაღიზიანების ან ანთებისას ვითარდება ბურსიტი. პრობლემა ხშირია იდაყვთან, მუხლთან, მხარსა და მენჯ-ბარძაყის მიდამოში. მკურნალობის არჩევამდე მნიშვნელოვანია გაირკვეს, ბურსა გადაიტვირთა, ტრავმით დაზიანდა თუ ინფექციაა სავარაუდო.
რა ნიშნებით ვლინდება ბურსიტი?
ბურსიტმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ტკივილი, შეხებაზე მგრძნობელობა, შესამჩნევი შეშუპება და მოძრაობით გაძლიერებული დისკომფორტი. იდაყვთან ან მუხლის წინა ნაწილში ზოგჯერ რბილი, სითხიანი გამობერილობა ჩანს. მხრის ან თეძოს არეში ტკივილი შეიძლება უფრო ღრმად იგრძნობოდეს. ყველა ასეთი ტკივილი ბურსიტი არ არის: მსგავსი ჩივილები მყესების დაზიანებას, ართროზს, პოდაგრასა და სახსრის ნამდვილ ანთებასაც ახლავს.
ინფექციური ბურსიტი — როდის არის სასწრაფო შეფასება საჭირო?
თუ უბანი მკვეთრად გაწითლდა, გაცხელდა, სწრაფად შესივდა ან ადამიანს სიცხე, შემცივნება და ძლიერი ტკივილი დაეწყო, უნდა გამოირიცხოს ინფექციური ბურსიტი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის დაზიანებისა და სხვა ინფექციის რისკის დროს. ინფექციის ეჭვისას სტეროიდის ინექცია არ უნდა გაკეთდეს, სანამ მიზეზი არ შეფასდება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სითხის აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის; ინფექცია ზოგჯერ ანტიბიოტიკს საჭიროებს.
როგორ ტარდება დიაგნოსტიკა?
გასინჯვისას ფასდება კონკრეტული ბურსის მდებარეობა, მყესები, კანის ცვლილება და სახსრის მოძრაობა. სახსრისა და რბილი ქსოვილების ექოსკოპია დაგვეხმარება სითხის დაგროვების ან ახლომდებარე მყესის პრობლემის შეფასებაში. სისხლის ანალიზები, რენტგენი ან სითხის გამოკვლევა ყველასთვის ერთნაირად საჭირო არ არის; მათი არჩევა დამოკიდებულია კლინიკურ ეჭვზე.
მკურნალობა: როდის განიხილება ინექცია?
გადატვირთვით გამოწვეული არაინფექციური ბურსიტის დროს ხშირად პირველია წნევისა და განმეორებითი მოძრაობის შემცირება, ცივი კომპრესი, ნებადართული ტკივილგამაყუჩებელი მკურნალობა და ეტაპობრივი რეაბილიტაცია. თუ პრობლემა ხანგრძლივია, ექიმმა შეიძლება განიხილოს სითხის ასპირაცია ან შერჩეულ შემთხვევაში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის ინექცია, სარგებლისა და რისკების შეფასებით. ინექცია უნივერსალური გამოსავალი არ არის და ინფექციურ პროცესს ვერ მკურნალობს.
როგორ ავიცილოთ გამეორება?
თუ პრობლემა უკავშირდება მუხლებზე ხშირ დგომას, იდაყვზე დაყრდნობას ან განმეორებით სპორტულ დატვირთვას, სასარგებლოა დამცავი საფენები, დატვირთვის ტექნიკის შეცვლა და შესაბამისი კუნთების გაძლიერება. ხშირი განმეორებისას საჭიროა ზუსტი მიზეზის დაზუსტება, განსაკუთრებით პოდაგრის ან ქრონიკული ანთების გამოსარიცხად.
რევმატოლოგიური შეფასება თბილისში
კონსულტაცია ტარდება ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ლუბლიანას ქუჩა 66, თბილისი. მიღებაზე ჩაწერა საჭიროა მინიმუმ ერთი დღით ადრე; ონლაინ კონსულტაცია არ ტარდება.
დაკავშირებული თემები: ულტრაბგერითი კონტროლით ინექცია · პოდაგრა · მუხლის შეშუპება.
წყარო: NHS — Bursitis. სტატია საინფორმაციოა და არ ცვლის ინდივიდუალურ დიაგნოსტიკას.